ვინ აიღო პასუხისმგებლობა მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე: დაღუპულია 40, დაშავებული 100-ს აღემატება – რა ინფორმაციას ავრცელებს “ФСБ”

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

განცხადება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Amaq-მა Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა.

„ისლამურ სახელმწიფოს“ ჯერ არ წარმოუდგენია მტკიცებულება ამ განცხადების დასადასტურებლად.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.

როგორც რუსული მედია წერს „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან:  კომპლექსის ერთ-ერთ ფლიგელში საბავშვო კონკურსი მიმდინარეობდა, სადაც ვოლოგდიდან და ჩერეპოვეციდან ჩასული ბავშვებიც იღებდნენ მონაწილეობას. ამ ბავშვების ევაკუაცია შენობიდან უსაფრთხოდ განხორციელდა.