“ეს სასწაულმოქმედი და გამწმენდი იესოს ლოცვაა…” – რა ლოცვას გვიზიარებენ წმინდა მამები

“იესოს ლოცვა დემონებს წვავს” – ამბობს ეფრემ არიზონელი. წმინდა მამის თქმით, როცა კი “სასოწარკვეთილება, სიზარმაცე ან სხვა რაიმე ვნება შემოგვეპარება, შიშით, ტკივილითა და დიდი სულიერი სიფხიზლით უნდა ვილოცოთ და ჩვენ დაუყოვნებლივ განვიცდით ნუგეშისცემისა და სიხარულის სასწაულს ღვთის მადლით.”

იესოს ლოცვა მოკლე და მარტივია: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. შეიძლება უფრო მოკლედ ითქვას: „იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე“ ან „უფალო იესო, შემიწყალე“.

 “სნეული ხარ? – უხმე იესოს და ჰპოვებ შვებას. განსაცდელში ხარ? ისევ იესოს უხმე და ღვთაებრივი ნუგეში მოალბობს შენს გულს. უიმედობამ გძლია? – ნუ დააყოვნებ, მიანდე შენი სასოება იესოს და შენი სული აღივსება ძალითა და კადნიერებით” – გვასწავლიან წმინდა მამები. 

ლოცვა ჩვეულებრივ ან დაბალ ხმაზე ან სულაც, გონებაში შეიძლება წარმოვთქვათ. ამ ლოცვის, და საერთოდ, ყველა მოკლე ლოცვის უპირატესობა ისაა, რომ მაშინვე ამოდის გულიდან. თითქოს უფრო ფხიზელი გონებით და უფრო მობილიზებული ამბობ მას. რამდენჯერაც გაგახსენდებათ, იმდენჯერ იმეორეთ და იმეორეთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გონებრივი ლოცვის წინააღმდეგ მუდამ იბრძვის დემონი, რათა გაფანტული ლოცვით უნაყოფო გახადოს იგი. ლოცვისას ათასგვარი ცუდი აზრი ებადება ადამიანს, ამიტომ ყურადღებიანი ლოცვის დაწყებამდე, ნებისმიერი აზრი უნდა უკუვაგდოთ. გონებამ კი, დარაჯის მსგავსად, ყურადღება მიაქციოს წარმოთქმულ სიტყვებს.

ბერები მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლობენ იესოს ლოცვის სწორად წარმოთქმას. ათონის მთაზე მოღვაწე წმინდა მამები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ და გვირჩევენ – ამ ლოცვის განუწყვეტლად თქმას, გამეორებას, გაფიქრებას… სულ, უწყვეტად. როცა გინდათ, სადაც გინდათ და რამდენჯერაც გინდათ.

გთავაზობთ წმინდა მამების სწავლებას იესოს ლოცვის შესახებ.

ღირსი პაისი ათონელი

“უმჯობესია ის (ლოცვა) სრულად წარმოვთქვათ: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”, რადგან ეს ლოცვა რწმენის მთელ დოგმატს შეიცავს. თუ გიჭირს მისი სრულად წარმოთქმა, მაშინ თქვი: “უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე”. სულ სხვაა ლოცვა ღვთისმშობლისადმი და წმინდანებისადმი და სხვა – იესოს ლოცვა. იესოს ლოცვას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს: ამ ლოცვით ადამიანი უერთდება ქრისტეს, გონება უერთდება ღმერთს. მაგრამ გონება ლოცვაში უნდა იმყოფებოდეს – აი ესაა საიდუმლო. როცა წმინდანებისადმი ვლოცულობთ, ესეც კარგია, მაგრამ განუწყვეტელი ლოცვისათვის უსარგებლოა. მიეჩვიე, მეტი ილოცო, რათა გონებამ მრავალჯერ მიმართოს “უფალ იესო ქრისტეს”, და ამგვარად ბუნებრივად იქნები უწყვეტ ლოცვაში.”

არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი

იესოს ლოცვა ყველა ლოცვის არსია, რაც კი ეკლესიაში არსებობს. ეს არის ყველაზე მოკლე, ყველაზე გამოცდილი და ეფექტური ლოცვა, რომელსაც ადამიანმა შეიძლება მიმართოს. ეს ლოცვა არის ყველაზე პირდაპირი, შესაფერისი და ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის და არა მხოლოდ მონაზვნებისთვის. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერისკაცებიც და მონაზვნებიც ერთსა და იმავე ლოცვას აღავლენენ. ეს ლოცვა, სინათლით აღსავსე თვალების მსგავსად, ღმერთის მოხვეჭის უნარს გვაძლევს.  ლოცვა ცოცხალი მეხსიერებაა, ეს არის ღვთის სახელის მოხმობა. 

უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე – რა ხდება ჩვენში ამ ლოცვით მოხმობის დროს? ვიძენთ სულიერ ძალას, რომელიც თავად ღმერთისგან მოდის. მოვიხმობთ ქრისტეს, რომელიც დაუყოვნებლივ შედის ჩვენს გულთან თანაზიარებაში. ჩვენში ქრისტეს განუწყვეტელი ხსოვნა მკვიდრდება. ჩვენს გულში და ჩვენს გარშემო ყველაფერი ღმერთით ივსება. 

ეს ლოცვა ადამიანში ღმერთის მოუკლებელი ლოცვის ძალას წარმოქმნის. და შესაბამისად, ადამიანის თანამონაწილეობით, სთავაზობს მას სიხარულს სულიერი ბედნიერების მდგომარეობას გვანიჭებს. შემდეგ, როდესაც ადამიანი ამ დაწყებით საფეხურს მიაღწევს, მას კარგად ესმის, რომ სული წმინდა მის პიროვნებას ღმერთთან შუამავლობს. და ამ წუთიდან სული წმინდა ადამიანს ღმერთთან აღამაღლებს.” 

წმინდა ეფრემ კატუნაკელი გახლდათ ათონის მთაზე მოღვაწე წმინდა მამა, რომელიც თავისი მორჩილებითა და “იესოს ლოცვის” განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა.

ეფრემ კატუნაკელი

“შვილო ჩემო, წარმოთქვი ლოცვა – “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე,” დღედაღამ განუწყვეტლივ. ლოცვა გვაძლევს ყველაფერს, ის თავის თავში მოიცავს ყველაფერს: თხოვნას, ნუგეშს, რწმენას, აღმსარებლობას, ღმრთისმეტყველებას და ა.შ. ლოცვა უნდა აღესრულებოდეს განუწყვეტლივ.

ლოცვა თანდათან მოიტანს მშვიდობის, სიტკბოების, სიხარულის ცრემლებს. მშვიდობა და ცრემლები კიდევ უფრო მეტ ლოცვას მოიტანს, ლოცვა კი კვლავ უფრო დიდ მშვიდობასა და სიტკბოებას მოგანიჭებს და ასე განუწყვეტლივ. ისეთი მომენტიც იქნება, რომ ლოცვის შეწყვეტისას თავს ცუდად იგრძნობ.

გონიერ ლოცვას თან და თან მიჰყავს ადამიანი ნათლობის პირველ მადლთან.” 

სქიმარქიმანდრიტი კვირიკე ათონელი

“წარმოთქვით ლოცვა და მის დაწყებამდე იფიქრეთ იმ ვნებაზე თუ არეულ აზრებზე, რომლებიც ლოცვისას ყველაზე ხშირად გიშლიან ხელს.

იესოს ლოცვა წარმოთქვით არა იმისთვის, რომ ლოცვის ნიჭი შეიძინოთ, არამედ იმისთვის, რომ დაამარცხოთ ვნებები უფლის ნებით, შემოქმედისადმი ერთგულებით. თქვენ – უფლის მიერ ქმნილმა – აღიარეთ მის წინაშე, რომ უძლური ხართ და შესთხოვეთ მადლისმიერი შეწევნა, რომელიც თავმდაბლობით მიიღება”. “იესოს ლოცვა უფალთან თანამყოფობის გაცნობიერებით წარმოითქმება, უნდა გჯეროდეს, რომ შენ კი არ ჭვრეტ უფალს, უფალი გიყურებს და იცის ყველაფერი, რაც შენშია”.

ეფრემ არიზონელი

“ჩემო შვილებო, გევედრებით, ღვთის სიყვარულისთვის, ნუ შეწყვეტთ იესოს ლოცვას თუნდაც ერთი წუთით.

იესოს სახელს მუდმივად უნდა წარმოთქვამდეთ, რომელიც ანადგურებს ეშმაკს და მის ყველა შეთქმულებას.

განუწყვეტლივ ევედრეთ ჩვენს უფალს და მსწრაფლ შეგეწევათ. როგორც გავარვარებულ რკინას ვერვინ შეეხება და ვერც მიახლოვდება, ასევე ემართება მის სულს, ვინც მხურვალედ ლოცულობს იესოს ლოცვას.

დემონები ვეღარ უახლოვდებიან მას. ან როგორ შეძლებენ? ისინი უმალ დაიწვებიან ღვთაებრივი ცეცხლით, რომელსაც შეიცავს ღვთის სახელი.

ვინც ლოცულობს ნათლდება და ვინც არ ლოცულობს, ბნელდება. ლოცვა არის ღვთაებრივი ნათლის მომნიჭებელი,  ამიტომაც ყველა, ვინც გულითადად ლოცულობს, განათლებულია და მასში დაივანებს ღვთის სული.

თუ სასოწარკვეთილება, გულგრილობა, სიზარმაცე ან სხვა რაიმე ვნება შემოგვეპარება, ვილოცოთ შიშით, ტკივილით და დიდი სულიერი სიფხიზლით და ჩვენ დაუყოვნებლივ განვიცდით ნუგეშისცემისა და სიხარულის სასწაულს ღვთის მადლით.

თუ ადამიანი გულითადად ლოცულობს, შეუძლებელია ჰქონდეს შური ვინმეს მიმართ, ან რაიმეს პატიება ვერ შეძლოს.

ყოველივე ფერფლად იქცევა, როდესაც იესოს ლოცვის ცეცხლს მიუახლოვდება.

ასე რომ, ჩემო შვილებო, იბრძოლეთ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მხსნელი და გამწმენდი ლოცვით, რომ განათლდეთ და იყოთ წმინდა.”

ასევე დაგაინტერესებთ: