„მიშველეთ, დამჭრეს… მომხედეთ, გეხვეწებით, სანამ მობრუნდა” – დაჭრილი ქალის ზარი 112-ში და მომხდარი დანაშაულის დეტალები

59 ჭრილობა დანით, მავთულით შეკრული ხელები და თხრილში გადაგდებული ცხედარი – ეს ფემიციდის კიდევ ერთი უმძიმესი და შემზარავი ისტორიაა. 21 წლის გოგოს დასახიჩრებული ცხედარი მამამ იპოვა. ქეთი ჯავახიშვილის მკვლელი დაკავებულია და შესაძლოა მას სამუდამოდ ციხეში ყოფნა მოუწიოს.

“კურიერი პიესი” დღეს მოგიყვებათ შემთხვევით გადარჩენილ ქალზე, რომელიც სასიკვდილოდ ყოფილმა ქმარმა გაიმეტა. 41 წლის შორენა ტალახაძეს, ცივი იარაღი ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე დაარტყა, ის სისხლისგან იცლებოდა, თუმცა მაინც შეძლო 112-ში დარეკვა და დახმარების თხოვნა. ქალი გადარჩა, ახლა კი დამნაშავის სრული სისასტიკით დასჯას ითხოვს.

კაცი, რომელიც ყოფილ პარტნიორს ბრალდებულის სკამიდან სიყვარულს უხსნის, მანამდე ქალს სასიკვდილოდ იმეტებდა.

ზარი 112-ში რამდენიმე თვის წინ, რუსთავიდან შევიდა. 5 ჭრილობით, მათ შორის გულ-მკერდში მიყენებული დაზიანებებით, 41 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებს იმედი არ ჰქონდათ, თუმცა შორენა ტალახაძის გადარჩენა შეძლეს.

ლაშა შაუმიანი მსხვერპლ ქალთან 5 წელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ეჭვიანობის მოტივით, ქალს ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდა. დაშორების შემდეგ, მოძალადე კაცი ყოფილ ცოლთან სახლში მივიდა. ამ დროს ბინაში ქალის გარდა, მისი შვილები და მეგობრები იყვნენ.

საქმის მასალებით, რომელიც “კურიერი პიესმა” მოიპოვა, ირკვევა, რომ შაუმიანი ბინიდან გავიდა, სტუმრების სახლიდან გასვლას დაელოდა და როდესაც ქალი მარტო დარჩა, აივნიდან მის ბინაში შესვლა მოახერხა. დანაშაული მოძალადეს დაგეგმილი ჰქონდა, რადგან ყოფილი ცოლის სახლში შეიარაღებული შეიპარა. შორენა ტალახაძეს მოძალადე კაცმა ცივი იარაღით 5 ჭრილობა მიაყენა. სისხლის კვალი დანაშაულის ადგილს ახლაც ეტყობა.

ქალი გადარჩა, რამდენიმე დღეში კი პოლიციამ 42 წლის ლაშა შაუმიანი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. “კურიერი პიესმა” მოიპოვა ხმოვანი შეტყობინება, რომლითაც ირკვევა, რომ მამაკაცი ყოფილ ცოლზე ანგარიშსწორებას გეგმავდა. ამ შინაარსის შეტყობინება კი, ბრალდებულმა დედას გაუგზავნა.

ლაშა შაუმიანს გენდერული ნიშნით ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის გარდა, ძალადობასა და არასრულწლოვანი გერისთვის ხელის მოტეხვასაც ედავებიან.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ცოლთან დაშორებამდე, ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, ხელი მოტეხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანს, რომელიც დედის გადარჩენას ცდილობდა, როდესაც მამინაცვალი ქალს გუდავდა. 17 წლის ბიჭი საქმეში დაზარალებულად სცნეს.

მძიმე ბრალდებებით დაკავებული კაცი დუმილის უფლებას იყენებს, რაც ნიშნავს, რომ არცერთ ბრალდებას არ აღიარებს. “კურიერი პიესმა” გადაიღო სხდომა, სადაც დაზარალებულმა ქალმა ყოფილი ქმრის უმკაცრესაც დასჯა მოითხოვა. ბრალდებულს გამოხატული ირონიის გამო, მოსამართლემ შენიშვნა რამდენჯერე მისცა.

ბრალდებულს იმედი აქვს, რომ უმკაცრეს სასჯელს გადაურჩება. ლაშა შაუმიანის ადვოკატს ამ მოლოდინს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უქმნის.

გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს, რაც ბრალდებულის მხრიდან მკვლელობის განზრახვას ადასტურებს – ეს პროკურორის სიტყვებია, რომელიც სასამართლო განხილვების შემდეგ, გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს სიკვდილს გადარჩენილი ქალიც.