ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲔᲥᲘᲛᲘ: “ᲠᲔᲜᲢᲒᲔᲜᲘᲡ ᲞᲐᲡᲣᲮᲘ ᲛᲘᲕᲘᲦᲔᲗ…” – როგორია შენგელიას მდომარეობა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ლევან შენგელიას კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობა აქვს და რამდენიმე კვირა იძულებითი უქმობა მოუწევს. ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავართან” საქართველოს ეროვნული გუნდის ექიმმა დავით ხარაბაძემ ისაუბრა. მანვე კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა, რომელმაც საბერძნეთთან მატჩის დროს, შენგელიას მსგავსად, მინდორი ტრავმის გამო დატოვა.

დავით ხარაბაძე (საქართველოს ნაკრების ექიმი): “ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში უბრალოდ დაჭიმულობა იყო და მეტი არაფერი. დატვირთვის ფონზე ეს მოსალოდნელიც იყო. მითუმეტეს, რომ ხვიჩა იტალიის სერია A-ში თითქმის მთელი სეზონია შეუცვლელად თამაშობს და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლო ახლოვდება და კუნთების პრობლემამაც იჩინა თავი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

რაც შეეხება შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ზუსტად ახლახანს მომივიდა რენტგენის პასუხი, რომლის თანახმადაც მცირე მოტეხილობა აქვს. თუმცა, საგანგაშო მაინც არაფერია, რადგანაც რამდენიმე კვირაში ლევანი მწყობრში იქნება. გახსოვთ თამაშისაც ცუდი შეჯახება იყო, როდესაც შენგელია და მისი მეტოქე ერთდროულად წაიქცნენ და ბერძენი მოთამაშე მას მთელი ტანით სახსარზე დაეცა. ამან გამოიწვია დიდი წვივის მედიალური გოჯის მწვერვალი მოტეხილობა. 

ლევან შენგელიამ მინდორი საკაცით დატოვა
ლევან შენგელიამ მინდორი საკაცით დატოვა

იმ მომენტში მე მაშინვე მოედნის კიდესთან მივედი, თუმცა, მსაჯმა მანიშნა, რომ სერიოზული არაფერი იყო. როგორც სჩანს, თავიდან ლევანმაც უთხრა, რომ თამაშის გაგრძელებას მოახერხებდა, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ძლიერი ტკივილი ჰქონდა და ჩვენც გავიაზრეთ, რომ გაგრძელება შეუძლებელი იყო. იმ დროს გამაყუჩებლის გაკეთება დაგვჭირდა, თუმცა, როგორც აღვნიშნე, საერთო ჯამში სერიოზული არაფერია და ამდენად, ევრო 2024-ზე შენგელია აუცილებლად ითამაშებს”. 

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად გააღწია. შენგელიამ ტრავმის გამო მინდორი 86-ე წუთზე დატოვა, კვარაცხელიამ კი თამაში უკვე დამატებით დროში, 109-ე წუთზე შეწყვიტა. მოახლოებულ ევროპირველობას 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანია უმასპინძლებს, საქართველო კი F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი ეყოლება.