ᲙᲕᲐᲠᲐᲡ ᲓᲘᲐᲒᲜᲝᲖᲘ – ᲮᲕᲘᲩᲐᲡ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲨᲔᲛᲝᲬᲛᲔᲑᲐ ᲩᲐᲣᲢᲐᲠᲓᲐ

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ნეაპოლში დაბრუნდა. ნაპოლის 23 წლის ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც საბერძნეთთან ისტორიულ მატჩში (0:0, პენ: 4:2) ტრავმა მიიღო, იტალიაში, Pineta Grande-ს ჰოსპიტალში სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. 

შეგახსენებთ, რომ კვარამ საბერძნეთთან “დინამო არენაზე” გამართულ შეხვედრაში მოედანი 109-ე წუთზე, საზარდულის ტკივილის გამო დატოვა. იმის იმედს, რომ ფეხბურთელის პრობლემა სერიოზული არ იყო, მატჩის შემდგომი ზეიმის კადრები აჩენდა – ხვიჩა ევროზე გასვლას თანაგუნდელებთან ერთად აქტიურად და ემოციურად აღნიშნავდა.  

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საგზურს ზეიმობს
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საგზურს ზეიმობს

მაგრამ სამედიცინო გამოკვლევის შედეგები არცთუ დადებითი აღმოჩნდა. ნაპოლის ოფიციალური საიტის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას “მარცხენა ბარძაყის მომზიდველი კუნთის ძლიერი კონტრაქტურა გამოუვლინდა”. ფეხბურთელმა თერაპიის კურსი ჩაიტარა და მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა.

ფრანჩესკო კალცონას გუნდი სერია A-ს 30-ე ტურის შეხვედრას 30 მარტს ჩაატარებს – “მარადონაზე” ბერგამოს ატალანტას უმასპინძლებს. იტალიური მედიის ცნობით, თავად კვარაცხელიას სურს ამ მატჩში თამაში, მაგრამ ნაპოლის ექიმები მოერიდებიან რისკს, რათა თავიდან აირიდონ შემდგომი გართულებები. შესაბამისად, შაბათის მნიშვნელოვან შეხვედრაში კვარას მონაწილეობას არ უნდა ველოდოთ.

ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ჟურნალისტებს იტალიის ნაკრების ყოფილი ექიმი, ენრიკო კასტელაჩი ესაუბრა:

“კვარაცხელიას დიაგნოზი, მაღალი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ ის ატალანტასთან მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ფაქტობრივად, ტრავმის გართულების სერიოზული რისკი იქნება და ვფიქრობ, ნაპოლი ამას მოერიდება”. 

კალცონას ატალანტასთან ხვიჩას იმედი ალბათ არ ექნება
კალცონას ატალანტასთან ხვიჩას იმედი ალბათ არ ექნება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *